დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; გოგა კიკილაშვილი; სერგო მეთოფიშვილი; გიორგი მოდებაძე; ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს.

21 ოქტომბერს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნების“ მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესთან დაკავშირებით.

„ეს ნაბიჯი წარმოადგენს ქვეყნის ავტოკრატიზაციის ახალ, უმძიმეს ეტაპს“ და „ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ დიქტატურას“ – ასეთია მათი შეფასება.

პარტიების აკრძალვის თემაზე სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში მედია ვერ გადაიღებს.

როგორც „ბათუმელებს“ საკონსტიტუციო სასამართლოში განუმარტეს, სხდომის ტრანსლირება მოხდება სასამართლოს იუთუბ-არხზე, ხოლო საინფორმაციო საშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს სხდომათა დარბაზში შესვლას და კამერით მუშაობას.

სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს დარბაზში შესვლა და დასწრება შეეძლებათ, თუმცა არ ექნებათ გადაღების უფლება. ამასთან, შესვენების გამოცხადებამდე ვერ შეძლებენ სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვებას.