„პარტიების აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ არის. ეს არის თავდასხმა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ არჩევანსა და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგზე.მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი“, – თქვა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
უნდა დაესწრონ თუ არა პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებს?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს პარტიების მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე.
მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ დაესწრებიან, ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენებენ.
„სუბსიდიარობისა და შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს.
ამ თვალსაზრისით, არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.
