ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს („კაწროს“) და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის 3 000 – 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, პროკურატურა კი – პატიმრობას.

სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობდნენ.

ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი („კაწროს“) და შოთა ყიფიანი გუშინ, 15 ოქტომბერს, დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) აქვთ წარდგენილი, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის თანახმად, ბრალდებულები 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.