საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი არა დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებაა. ორგანიზაციის მოსაზრებით, დემოკრატიის დაცვის სახელით დაუშვებელია იმ პოლიტიკური ალტერნატივების განადგურება, რომელთა არსებობაც თავად დემოკრატიის აუცილებელი პირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უკვე მესამედ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, პარტია „ფედერალისტების“ და „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვა. დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.
ეს სარჩელი წარმოადგენს მმართველი პარტიის განაცხადს, რომ მას არა მარტო ერთი კონკრეტული პარტია არ სურს იხილოს ოპოზიციაში, არამედ მისი განზრახვაა ყველა იმ პარტიის აკრძალვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს ოპოზიციაში ყოფნის მანდატი. ქართული ოცნება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, ცდილობს აკრძალოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ცვლილებისთვის- გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიამ, ჯამში, მიიღო 784 830 საქართველოს მოქალაქის ხმა.
საიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება არჩევნებში მონაწილე 37,79% ამომრჩევლისათვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევას უთანაბრდება.
“ეს სარჩელი წარმოადგენს დარტყმას პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იმის გამო, რომ უქმდება საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერის მქონე არა ერთი, ცალკე აღებული პარტია, არამედ ყველა პარტია, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ გამოუცხადა მხარდაჭერა.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის იდეას, რომელიც მზად არის, გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას. ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის სამართლებრივ ინსტრუმენტად.
საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული ოცნება ცდილობს ხალხის მხრიდან მხარდაჭერის მქონე ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოს, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური ბრძოლის გზა აარჩიეს მათ – გამოაცხადეს თუ არა მათ დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვები ბოიკოტი, აგრძელებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარლამენტსა და საკრებულოებში. „ქართული ოცნება“ ცდილობს განურჩევლად ყველა მათგანის განადგურებას”, – აცხადებენ საიაში.
საია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი არა დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებაა. დემოკრატიის დაცვის სახელით დაუშვებელია იმ პოლიტიკური ალტერნატივების განადგურება, რომელთა არსებობაც თავად დემოკრატიის აუცილებელი პირობაა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი, რომლის საფუძველიც არა რომელიმე პარტიის შეუზღუდავი მმართველობა, არამედ ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, პოლიტიკური მრავალფეროვნება და ძალაუფლების დემოკრატიული მონაცვლეობის შესაძლებლობაა.“
ქართულმა ოცნებამ პარტიების აკრძალვა 2024 წლის არჩევნებამდე დააანონსა, თუმცა მაშინ ბიძინა ივანიშვილი ამის წინაპირობად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას მიიჩნევდა. საკონსტიტუციო უმრავლესობა 75%-ზე მეტი მანდატია, რაც 150 -ადგილიან პარლამენტში 113 დეპუტატის გაყვანას გულისხმობს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ან პირდაპირ უნდა აიღოს 75%-ზე მეტი, ან ბარიერგადაულახავი პარტიების ხარჯზე (ბარიერი 5%-ია) დაიმატოს რამდენიმე ადგილი. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად მიიღო ხმათა 53.9% , რაც 81 დეპუტატის გაყვანას ნიშნავდა. ბარიერგადაულახავი პარტიების ხარჯზე მმართველმა გუნდმა, საბოლოო ჯამში, 89 დეპუტატი გაიყვანა.
2025 წელს თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, მის დეკლარირებულ მიზანს თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის დარღვევების გამოძიება წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ მანდატი გაიფართოვა და „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე” სახით ჩამოყალიბდა.
კომისიის დასკვნის საფუძველზე ქართულმა ოცნებამ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციოში პირველი სხდომა 21 ოქტომბერს დაინიშნა. საკონსტიტუციოს ერთ-ერთმა მოსამართლემ მანანა კობახიძემ, მას შემდეგ, რაც საქმის განხილვის არიდებაზე განცხადება არ დაუკმაყოფილეს, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
