სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს სასაზღვრო ანკლავებისა და ექსკლავების საკითხის თანაბარი ფართობის ტერიტორიების გაცვლით გადაწყვეტა შესთავაზა. მისი თქმით, საზღვრის ორივე მხარეს ანკლავები და ექსკლავები არ უნდა არსებობდეს.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს 29 743 კვადრატული კილომეტრის ფართობი უნდა ჰქონდეს, ხოლო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
„ანკლავებისა და ექსკლავების პრობლემა შემდეგი ფორმულით უნდა გადაწყდეს: საზღვრის არც ერთ მხარეს არ უნდა იყოს ანკლავები და ექსკლავები“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაბამისი, ზუსტად თანაბარი ფართობის ტერიტორიები უნდა გაცვალონ.
ფაშინიანის განცხადებით, ერევანმა და ბაქომ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ უნდა წამოაყენონ, მათ შორის, ყარაბაღის, გარდმანის, შირვანის, ნახიჩევანისა და ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ საკითხებზე.
სომხეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ყველა სატრანსპორტო კომუნიკაცია უნდა გაიხსნას როგორც პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში, ისე მის მიღმა. მისი თქმით, გზებზე გადაადგილება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის გავლით.
ფაშინიანის განცხადებით, თურქმენეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული საუბრის შემდეგ მას გაუჩნდა წინასწარი განცდა, რომ მხარეებს შეუძლიათ, მშვიდობას ასეთი ფორმა მისცენ. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ამ შესაძლებლობის რეალიზებაზე იმუშავებენ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის კონტროლქვეშ რჩება რვა აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც, ბაქოს მტკიცებით, 1990-იანი წლების დასაწყისში სომხურმა მხარემ დაიკავა.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ პარაფირებული იყო.
მოლაპარაკებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ე.წ. „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP) – სატრანსპორტო პროექტი, რომელმაც აზერბაიჯანი მის ექსკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიის გავლით უნდა დააკავშიროს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც ერევანი ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს და შესაბამის ცვლილებებს კონსტიტუციაში ასახავს. ფაშინიანს უკვე გაცხადებული აქვს, რომ სომხეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება.
