მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევრის, ელიკო ბენდელიანის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ დევნილი ოჯახის თითოეული წევრისთვის შეთავაზებული 10 000 ლარი შეიძლება დაეხმაროს მათ, ვისაც უკვე აქვს საცხოვრებელი, თუმცა ბინის არმქონე ოჯახებისთვის ეს თანხა საცხოვრისის რეალურ ალტერნატივას ვერ ქმნის. მისი თქმით, ხანგრძლივი ლოდინით დაღლილმა დევნილებმა შესაძლოა კომპენსაცია აირჩიონ და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გრძელდება განსახლების პროგრამა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის, რომ ახალი გზების ძიებაც ხდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ელიკო ბენდელიანი ნეტგაზეთთან.

12 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღიათ, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლებათ. თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი იქნება. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო 2026 წელს მისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთავრობის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა.

ბენდელიანის შეფასებით, ახალი კომპონენტი განსაკუთრებით იმ დევნილებისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, რომლებმაც საცხოვრებელი საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თუმცა სახელმწიფოსგან ბინა ან კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ.

„ეს კომპონენტი, რომელიც ახლა დაემატა – 10 ათასი ლარი, სიახლეა მათთვის, ვისაც უკვე აქვს საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონება, ვინაიდან თავიდანვე იყო გაცხადებული პოლიტიკა, რომ ეს ადამიანები ბოლო ეტაპზე დაკმაყოფილდებოდნენ. ახლა კი ითქვა, რომ ყველას, ვისაც არ მიუღია სახელმწიფოსგან ბინა ან კომპენსაცია, სახელმწიფო თანხას გადასცემს. სწორედ ამ ადამიანებმა შეიძლება ეს თანხა გამოიყენონ სხვადასხვა საჭიროებისთვის – რემონტისთვის, გაფართოებისთვის ან სხვა საჭიროებისთვის“, – ამბობს ის.

თუმცა, მისივე თქმით, პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს ბინით უზრუნველყოფას იმ დევნილებისთვის, რომლებსაც საკუთარი სახლი არ აქვთ.

„ეს პროგრამა ვერ ჩაითვლება განსახლების ალტერნატივად, რადგან მათთვის, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი, ეს თანხა იმდენად მწირია, რომ ამ თანხით რამის შეძენა ექვსსულიანი ოჯახისთვისაც კი წარმოუდგენელია. ვიცით, რა საბაზრო ფასებია“, – ამბობს ბენდელიანი.

„ჩემი ორი კლიენტი ბინის მიღებას ვეღარ მოესწრო“ – ადვოკატი, რომელიც დევნილებს ეხმარება

მისი შეფასებით, პრობლემურია სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული „სოფლად სახლის“ პროგრამის დაფინანსებაც.

„მე ყოველთვის ვამბობდი იმასაც, რომ სოფლად სახლის პროგრამა ძალიან კარგი პროგრამაა, თუმცა, რა თანხებიც გამოყოფილია ამ პროგრამისთვის, არაადეკვატურად დაბალია [1-2 წევრზე- 22 ათასი ლარი, 3 წევრზე – 25 ათასი ლარი, 4 წევრზე -28 ათასი და ა.შ.]. თუ მართლა დიდი დანაზოგი არ გაქვს, მაგ ფასად შეუძლებელია სახლის შეძენა“, – ამბობს მკვლევარი.

ბენდელიანი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ რისკზე: დევნილები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებიან საცხოვრებელს და არ იციან, როდის დადგება მათი დაკმაყოფილების რიგი, შესაძლოა შეთავაზებულ თანხას დათანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამით საცხოვრებლის პრობლემა ვერ მოგვარდება.

„შესაბამისად, ერთი მხრივ, მისასალმებელია – ვისაც უკვე აქვს ქონება, სიმბოლური საჭიროებების მოგვარებას შეძლებენ. ვისაც არ აქვს, ბევრი ადამიანი, დაღლილი მოლოდინით და გაურკვეველი მომავლით, რომ მისი ჯერი როდის დადგება, ამ დროს შეიძლება ჩათვალოს, რომ სულ არაფერს, აიღოს ეს თანხა და დარჩეს თუნდაც საცხოვრებლის გარეშე“, – ამბობს ბენდელიანი.

მისი თქმით, მსგავსი პრობლემის მაგალითები წარსულშიც ყოფილა, როდესაც დევნილებს საცხოვრებლის დატოვების სანაცვლოდ დაბალი კომპენსაცია შესთავაზეს.

„ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა წინა წლებში დაბალი კომპენსაციის გამო, იგივე „აჭარიდან“ და სხვადასხვა სასტუმროდან გამოსახლების დროს კომპენსაცია იყო 5 ათასი აშშ დოლარი – იმ დროსაც ძალიან დაბალი თანხა“, – ამბობს ბენდელიანი.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოში წლებია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ არსებული ტემპით განსახლების საკითხის სრულად მოგვარებას დამატებით სულ მცირე ათი წელი დასჭირდება.

2024 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას 43 792 დევნილი ოჯახი ელოდებოდა. ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მონაცემებით, საცხოვრებელი 48 640 დევნილ ოჯახს ჰქონდა მიღებული, ხოლო დევნილი ოჯახების საერთო რაოდენობა 96 130-ს შეადგენდა.