ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ყალბი დილემაა, თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის.

ამის შესახებ ელჩმა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს – თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება მაქვს, რადგან დედაჩემი და მამაჩემი მასწავლებლები იყვნენ. სანგუ აჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო ძალიან ტრადიციული, მაგრამ, ამავდროულად, იყო ღია, თანამედროვე და გქონდეს საერთაშორისო კავშირები.

ვფიქრობ, ეს თავად სანგუს მიღმაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ყალბი დილემაა. როგორც სანგუ-სთვის, ისევე მთლიანად საქართველოსთვის, შესაძლებელია იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი, ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან“, – განაცხადა ელჩმა.