გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები მხარს არ უჭერენ ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას.
როგორც ცნობილია, საქართველო დაინტერესებულია, რომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ 2027 წლისთვის ეუთოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი შეიტანა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ მან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა.
თუმცა გამოცემა Rapporteur-ის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგი არიან.
კვიპროსი ჯერჯერობით ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია და ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა Rapporteur-ი დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი მის კანდიდატურას ბლოკავს.
„თბილისი შესაძლებლობების ფანჯარას ხედავს იმ ფონზე, როდესაც ეუთოში 2027 წლის თავმჯდომარეობის საკითხზე უთანხმოება გრძელდება. საქართველო აძლიერებს ძალისხმევას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარეობის მოპოვების მიზნით, რითაც ცდილობს ამ ინსტიტუტის გამოყენებას თავისი მზარდი საერთაშორისო იზოლაციის დასაძლევად. თუმცა, მას გზას ევროკავშირი უღობავს“, – წერს გამოცემა.
Rapporteur-ის თანახმად, ამ დავამ ეუთო მომდევნო თავმჯდომარეობაზე კონსენსუსის გარეშე დატოვა, რამაც საქართველოს მისცა შანსი, საკუთარი თავი ალტერნატივად წარადგინოს.
გამოცემა Rapporteur-მა ჰკითხა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერს, კრისტიან ვიგანდს, უჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს კვლავ კვიპროსს 2027 წლის თავმჯდომარეობაზე და განიხილავს თუ არა ალტერნატიულ კანდიდატს ან ჩიხიდან გამოსვლის სხვა გზას. ვიგანდმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას და ალტერნატიულ კანდიდატს არ განიხილავს.
ეუთო წარმოადგენს უსაფრთხოების მთავარ მრავალმხრივ ფორუმს, რომელიც აერთიანებს ევროპას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს. ორგანიზაციის საქმიანობა ბოლო წლებში შეფერხებულია, ვინაიდან თითოეული გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა იქნეს მიღებული. საქართველოს განაცხადი იმ ფონზე გამოჩნდა, როდესაც ეუთოში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გადაიბაროს თავმჯდომარეობა 2027 წელს.
„თბილისისთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვან დიპლომატიურ პლატფორმას შექმნიდა იმ დროს, როდესაც მისი ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთის რამდენიმე მთავრობასთან გაუარესებულია. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია მისი დემოკრატიული ტრაექტორიისა და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობების გამო მუდმივი კრიტიკის ფონზე. შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაა ლუგანოში, 3-4 დეკემბერს, სადაც ორგანიზაციის წევრები შეიკრიბებიან შვეიცარიის 2026 წლის თავმჯდომარეობის დასკვნით ღონისძიებაზე“, – წერს Rapporteur.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დეკემბრის მინისტერიალს პირადად დაესწრება,რაც ევროპაში მისი იშვიათი ვიზიტებიდან ერთ-ერთი გახდება. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნასიო კასისმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ შეხვედრას შესაძლოა როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრონ და ეს შეხვედრა დიალოგის შესაძლებლობად შეაფასა. ლავროვმა და კასისმა ლუგანოს მინისტერიალისთვის მზადება გასულ კვირას, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.
გამოცემა Rapporteur წერს, რომ თუ თურქეთი გააგრძელებს კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას, საქართველოს განაცხადი ლუგანოში შესაძლოა ალტერნატივად წარდგეს.
„მიუხედავად ამისა, ეს ინიციატივა 27 წევრ ქვეყანას შორის უარყოფის გარეშე არ დარჩენილა. დიპლომატების თქმით, ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით უარყოფითად არიან განწყობილნი ამ განაცხადის მიმართ, რაც ასახავს შეშფოთებას ევროკავშირთან თბილისის სულ უფრო რთულ ურთიერთობებსა და რუსეთთან მის მიდგომებზე“, – წერს Rapporteur.
Rapporteur-ის ცნობით, მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა, რომ სერბეთიც განიხილავს 2027 წლის თავმჯდომარეობაზე კენჭისყრას, თუმცა ბელგრადის შესაძლო ნაბიჯმა შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს ბრიუსელის დილემა, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობებისა და ომის დამნაშავის, რატკო მლადიჩის დაკრძალვის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით ბუნდოვანია რუსეთის პოზიციაც. Rapporteur-ის ცნობით, საქართველოს განაცხადზე კომენტარისთვის დაუკავშირდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
ნეტგაზეთი Rapporteur-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.
ეუთო-ში 57 წევრი ქვეყანა ერთიანდება. ევროკავშირი არ არის ეუთოს უშუალო წევრი, თუმცა მისი 27-ვე წევრი სახელმწიფო ინდივიდუალურად წარმოადგენს ორგანიზაციის სრულუფლებიან მონაწილეს.
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის არჩევა ერთსულოვნად (კონსენსუსით) ხდება. ამასთან, ორგანიზაციის 57-ვე წევრ სახელმწიფოს აქვს ვეტოს უფლება. შესაბამისად, თუ თუნდაც ერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება თავმჯდომარეობის კანდიდატს, გადაწყვეტილება ვერ მიიღება.
თავმჯდომარეობის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე (რომელიც წელიწადში ერთხელ, ჩვეულებრივ დეკემბერში იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე).
როდესაც ქვეყანა ირჩევა ეუთოს თავმჯდომარედ, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. ის ხელმძღვანელობს ორგანიზაციის მიმდინარე პოლიტიკურ საქმიანობას, მართავს კონფლიქტების პრევენციისა და კრიზისების მოგვარების პროცესებს და წარმოადგენს ეუთოს საერთაშორისო ასპარეზზე.
