“ევროპულმა ქვეყნებმა საქართველოს საკუთარი ქცევის ხაზი მოახვიეს თავს, რის გამოც უახლოეს ათწლეულებში ქვეყანაში ვითარება საკმაოდ არასტაბილური იქნება. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა და პოლიტოლოგმა ალიმბეგ სიუკაევმა განაცხადა.

„საქართველო სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაა, თავისი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით. სამწუხაროდ ქართველებისთვის, ევროპამ გაიმარჯვა მათ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე, თავს მოახვია საკუთარი ქცევის ხაზი, ის, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება კავკასიის რესპუბლიკებსა და მათ მენტალიტეტს. ჩემი აზრით, უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში ვითარება არც ისე კარგი იქნება“.

სიუკაევის თქმით, შესაძლოა, ამ დროისთვის საქართველო საბოლოოდ „გამოფხიზლდეს“ და მიხვდეს, რომ ქვეყნის გზა მის ყველაზე დიდ და სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთთან ურთიერთობაზე გადის.

„მაშინ, შესაძლოა, იქ საზოგადოებაში რუსეთისა და ოსეთის წინააღმდეგ ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას შეწყვეტენ. შესაძლოა, მაშინ მაინც გადაწყვიტონ სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება. ამით სარგებელს, პირველ რიგში, სწორედ თბილისი მიიღებს“.

ე.წ. პარლამენტის დეპუტატის თქმით, როდესაც საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, თბილისი ორივე რესპუბლიკის მხრიდან მხოლოდ „კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას იხილავს.