გაგრის რაიონში 26 წლის რუსეთის მოქალაქე ამინა ბიკბოვას მკვლელობის საქმე გახსნილია – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, ბიკბოვას გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მისმა ნათესავებმა შეატყობინეს. მათი თქმით, 26 წლის ქალი სამი დღის განმავლობაში ოჯახთან და ახლობლებთან კონტაქტზე არ გასულა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამოძიებამ დაადგინა, ვისთან ჰქონდა ბიკბოვას ბოლო პერიოდში ურთიერთობა. გამოძიების ეჭვი 25 წლის ედგარ აბუხბაზე მივიდა, რომელიც გაგრაში დროებით ცხოვრობდა. უწყების ინფორმაციით, ბიკბოვა და აბუხბა 23 სექტემბერს ტაქსით ერთად წავიდნენ.

დე ფაქტო შსს-ს ცნობით, დაკითხვისას აბუხბამ მკვლელობა აღიარა. მისი ჩვენების მიხედვით, მან ქალი  ნაქირავებ საცხოვრებელში მოკლა.

უწყების ინფორმაციით, აბუხბა შემდეგ კვალის დაფარვას ცდილობდა. მან ნაცნობისგან ავტომობილი ითხოვა, რათა ცხედარი ბზიფის ხეობაში წაეღო და წყალში გადაეგდო. თუმცა, როგორც დე ფაქტო შსს აცხადებს, ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო და ცხედარი, რომელიც საბანში იყო გახვეული, გზის პირას, ბუჩქებში დატოვა. უწყების ინფორმაციითვე, აბუხბამ ასევე გადააგდო ბიკბოვას ტელეფონი და პირადი ნივთები.

აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს ცნობით, ედგარ აბუხბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2021 წელსაც იყო აღძრული. მას რუსეთის მოქალაქე ქალის გაუპატიურებას, ყაჩაღობასა და ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებას ედავებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, იმ დანაშაულის ჩადენის დროს აბუხბა არასრულწლოვანი იყო და სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თავდაპირველად, საერთო რეჟიმის კოლონიაში, ჯარიმის გარეშე.

მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ განაჩენი შეცვალა. აბუხბას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში განესაზღვრა და 10 000 რუბლის ჯარიმა დაეკისრა.