სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, რუსული ტელეარხის „როსიას“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, აპირებს თუ არა სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას და შეძლებს თუ არა ერევანი „ორ სკამზე ჯდომას“?.
„რატომ ორ სკამზე? ჩვენ ერთ სომხურ სკამზე ვზივართ, ამიტომ ორი არ გვჭირდება“, – უპასუხა ფაშინიანმა.
“ერთდროულად ორ სკამზე ჯდომის” შესახებ სომხეთის ხელისუფლების მიმართ არაერთხელ განუცხადებია რუსულ მხარეს მას შემდეგ, რაც სომხეთმა ევროკავშირთან დაახლოებისთვის ნაბიჯები გადადგა.
მან ასევე უპასუხა კითხვას სომხური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივებზე. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროპული მხარის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე სომხეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის, 99%-ის დაშვების შესაძლებლობა არსებობს და ჰკითხა, ხომ არ ეშინია ფაშინიანს, რომ ევროპელები დაპირებას არ შეასრულებენ.
„რატომ? რატომ უნდა მოგვატყუონ?“ – უპასუხა ფაშინიანმა.
„ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან ვცდილობთ ვიყოთ გულწრფელები, ღია და ვიმედოვნებთ ურთიერთსაპასუხო ნაბიჯებზე“, – თქვა სომხეთის პრემიერმა.
