აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, აფხაზეთში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და განვითარება მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, მასშტაბური სამუშაოები რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს პირადი მონაწილეობით ხორციელდება.

„ამ მხარდაჭერის წყალობით განვსაზღვრეთ ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და დღეს რესპუბლიკაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა გუნბამ ქალაქებსა და რაიონებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ გამართულ თათბირზე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პროექტია კოდორის ხეობაში გვირაბის რეკონსტრუქცია, რომლის მდგომარეობაც, გუნბას შეფასებით, მანამდე კრიტიკული იყო.

ასევე, მისი თქმით, დაგეგმილია ახალი ათონის ორი გზის რეკონსტრუქცია.

გუნბას თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმური სამუშაოები უნდა დაიწყოს ტყვარჩელის, გულრიფშისა და გაგრის რაიონებში, ასევე გალის რაიონსა და სოხუმში.

„ამ მასშტაბური პროექტით ყველა რაიონია მოცული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვნად გაუადვილებს მოქალაქეებს ცხოვრებას, პირველ რიგში, სოფლის მცხოვრებლებს, რადგან პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სოფლის გზების აღდგენასა და შეკეთებას ეთმობა“, – განაცხადა გუნბამ.