მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ჯარიმა წესდება

თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება. ცვლილებები  “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” კოდექსში შედის. 

ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც მიწათსარგებლობის უფლების გარეშე დაეპატრონება მიწის ნაკვეთს, დაჯარიმდება 2000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 3500 ლარს შეადგენს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოუვლელობის, დაზიანების, თვითნებურად გაჩეხვისა და გადატანისთვისაც. კანონპროექტით ამ დარღვევით გათვალისწინებულია 500– ლარიანი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის ოდენობა.

კანონპროექტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს. პროექტი კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ გააცნო.

კანონპროექტზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.