ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად  დაინიშნა მერაბ გამყრელიძე, შემოსავლების სამსახურის უფროსად კი – მამუკა ბარათაშვილი.

მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე ეკავა შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს — სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

რაც შეეხება მამუკა ბარათაშვილს, ის პარალელურად ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. 2020-2021 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინა უფროსმა ლევან ხარაბაძემ, რომელიც, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრია, პოსტი გასულ კვირას დატოვა, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა პოსტი დატოვა