4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტს, გიორგი კირვალიძეს, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება გაუუქმა.

საპროცესო შეთანხმების გაუქმება თავად პროკურატურამ მოითხოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო და საქმე არსებითად განსახილველად ისევ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება.

გიორგი კირვალიძესთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ დღეს, 31 აგვისტოს, ამავე საქმის კიდევ ერთი მსჯავრდებულის, მანუჩარ მიქელაძის საქმე განიხილა და მისი 5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა. მანუჩარ მიქელაძე ერთ-ერთი ის პატიმარია 4 ოქტომბრის საქმიდან, რომელმაც საპროცესო გარიგების დადებაზე თავიდანვე კატეგორიული უარი განაცხადა.

გიორგი კირვალიძემ, ისევე როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა სხვა 30-ზე მეტმა პირმა, თავად მიმართა პროკურატურას საპროცესოს შეთანხმების თხოვნით. ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, 24 ივნისის სხდომაზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის მიღწეული შეთანხმებები.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ისინი 1 წელს გაატარებენ ციხეში და 3 წელი პირობითი ექნებათ. სხდომაზე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ თითოეულ მათგანს ჰკითხა, შეთანხმებას საკუთარი ნებით აფორმებდნენ თუ არა და თანახმა იყვნენ თუ არა აღნიშნულ პირობებზე. თავდაპირველად მას ყველა დაეთანხმა.

მოსამართლემ საჯაროდ გამოაცხადა შედეგი: თქვა, რომ დაკავებულები აღიარებდნენ მათთვის წარდგენილ ბრალს, რის სანაცვლოდაც უფორმდებოდათ საპროცესო. სწორედ ამ დროს წამოდგა ფეხზე მოკრივე გიორგი კირვალიძე და განაცხადა, რომ არაფერს აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ სჭირდება ივანიშვილისგან საპროცესო შეთანხმება. სააპელაციო სასამართლოში მან დღეს თქვა, რომ ეს ყველაფერი აღელვების ნიადაგზე მოხდა.

გიორგი კირვალიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით:

  • ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).