რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარი უსაფრთხოების გამო შიშობს იმ შემთხვევაში, თუ ომი დონბასის სრულად აღების მინიმალური მიზნის მიღწევის გარეშე დასრულდება, წერს The Economist.

რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ომის მსვლელობისას ერთ-ერთ მომენტში, პუტინმა თავის სანდო პირებს უთხრა: „ისინი მე ჩამომახრჩობენ“. ამ განცხადების კონტექსტი, ისევე როგორც საუბრის სხვა დეტალები, არ დაკონკრეტებულა.

სტატიის ავტორები, სხვადასხვა მონაცემებთან ერთად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაყრდნობით, აღნიშნავენ, რომ რუსებში ომით უკმაყოფილება იზრდება. ელიტაში კი განწყობა კიდევ უფრო პირქუშია, წერს The Economist.

„ქვეყანაში ჰაერის შემადგენლობა შეიცვალა“. როგორც ჩანს, რუსები მთავრობით ასეთი უკმაყოფილონი არასდროს ყოფილან.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ყველაზე დიდი პრობლემა არა იმდენად ეკონომიკის მდგომარეობა ან სამხედრო წარმატების ნაკლებობაა, არამედ დაკარგული დრო: როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი, თითქმის ხუთწლიანი ბრძოლა წარუმატებლობაა. „სულ უფრო იზრდება განცდა, რომ მეფე შიშველია“, – განაცხადა რუსული ელიტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია ომის სიტუაციის ამჟამინდელ მდგომარეობაში დატოვება. „ინერციული სცენარები კრემლისთვის არასახარბიელოა“, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ და აღნიშნა, რომ ეკონომიკური რესურსები და პოლიტიკური კაპიტალი იფლანგება.

არცერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემა, რომლის წინაშეც ამჟამად რუსეთი დგას, პუტინისთვის ფატალური არ არის — მას აქვს ეკონომიკური რესურსები და რეპრესიული აპარატი ომის გასაგრძელებლად. თუმცა, ქვეყნის შიგნით ომის აღქმას მნიშვნელობა აქვს, წერს The Economist.

სტატიის თანახმად, რუსულ ელიტას ეშინია, რომ ეფ-ეს-ბე (FSB) კონტროლიდან გამოდის. პუტინი ამ უწყებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. ისინი კი სულ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ბიზნესსა და საზოგადოებაზე ზეწოლის გაზრდისკენ, იუწყება Bloomberg.

არავინ იცის, რა უტრიალებს თავში პუტინს, აღიარებენ სტატიის ავტორები. თუმცა, მათი ვარაუდით, კრემლის ლიდერი, სავარაუდოდ, „ხელმძღვანელობს თავისი რეჟიმის კრიმინალური ლოგიკით: არასოდეს გამოავლინო სისუსტე“.

ამ მიზეზით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, როგორც ეს ადრეც გაუკეთებია, მიმართოს ესკალაციას იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც აღმოჩნდა. სავარაუდო სცენარებს შორის The Economist ასახელებს ჰიბრიდული ომის გაძლიერებას და დივერსიებს უკრაინის მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ.

დასავლეთის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ პუტინი ევროკავშირის განადგურებას ცდილობს და კრემლისგან ესკალაციას ელიან.

კერძოდ, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დასავლური სადაზვერვო სააგენტოების აზრით, რუსეთმა შესაძლოა დაარტყას ევროპაში მდებარე იმ ქარხნებს, რომლებიც უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის აღჭურვილობას აწარმოებენ. თუმცა, მათივე თქმით, ნატოსთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის.

გარდა ამისა, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერებას გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ დაიწყო მზადება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური დარტყმებისთვის.