თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თანამოაზრეებთან ერთად „ანტიანექსიური პლატფორმა“ დააფუძნა.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც წინა მოწვების პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, მანდატი რუსული კანონის მიღების დროს დატოვა. მან კანონს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
დღეს, 27 აგვისტოს, „ანტიანექსიური პლატფორმის“ დაფუძნების შემდეგ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 1 წელია პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღარაა. ჩაჩიბაიას თქმით, მისი პოზიცია, როგორც მრჩევლის, გაუქმდა.
ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს შორიდან მდუმარედ ვერ უყურებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპაციის შემდგომ და აღიარების შემდეგ, რუსეთის მხრიდან ეტაპობრივად ხორციელდება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამიტომ ჩვენ ამას შორიდან ვერ ვუყურებთ. ჩემი პირადი, როგორც ინდივიდის და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ამასთან დაკავშირებით მქონდეს ჩემი რეაქცია“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ტვ პირველთან“.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რა რეაქცია ექნება, როდესაც ირაკლი კობახიძე მას ახალ პლატფორმაზე დაინახავს, ამბობს, რომ „შეიძლება ეს არც აინტერესებდეს“, ვინაიდან ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
„დიდი ხანია კომუნიკაცია და ურთიერთობა არ მქონია პარტიასთან, არც რომელიმე პიროვნებასთან. ამიტომ მისგან ან რომელიმე პიროვნების მხრიდან რა რეაგირება მოჰყვება ამ ჩემს ნაბიჯს, ეს ჩემი პირადი ქმედებაა, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და შეიძლება არც მაინტერესებდეს, იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე.
ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია და ანექსიისკენ იდგმება ნაბიჯები, ამ ტერიტორიებისთვის ადამიანებმა სისხლი გაიღეს და ბევრი ოჯახია დღეს, ვისი ოჯახის წევრებიც ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლაში ვაჟკაცურად და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ამიტომ მდუმარედ და ჩუმად მიმდინარე პროცესს – ეს ჩუმი ანექსიის პროცესია, როგორი გზაც აქვს არჩეული რუსეთის ფედერაციას – ტელევიზორიდან ვერ მივადევნებ თვალს“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ არის რაიმე სივრცე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ანტიდასავლური და უფრო მეტად პრორუსული პოლიტიკა შეცვალოს, ვლადიმერ ჩაჩიბაია პასუხობს, რომ სივრცე ყოველთვის არის.
„როგორ არ არის, სივრცე ყოველთვის არის. საჭიროა ამისთვის ნაბიჯების გადადგმა, მოქმედებაა საჭირო. ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი არსებობს გარკვეული შესაძლებლობა სამოქმედო გეგმის მომზადების, ამას უბრალოდ სჭირდება კეთილი ნება“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
„ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები არიან:
- ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური
- ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC თანადამფუძნებელი;
- აკია ბარბაქაძე – პოლკოვნიკი თადარიგში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
- კახა გოგიძე – რეჟისორი,
- პაატა დავითაია – “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე,
- ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე;
- მამუკა გამყრელიძე – საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში;
- გიორგი მელაშვილი – ევროპულ – ქართული ინსტიტუტის EGI დირექტორი;
- ირაკლი ტაბლიაშვილი – ჟურნალისტი.
ამ თემაზე:
