„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სთავაზობს, „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს და პოლიტიკური ბრძოლა დაიწყოს.
„ღარიბაშვილს ვურჩევ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას. ის კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური პატიმარია და გამოსავალიც მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლაა! ჩვენი პარტიის — პატრიოტთა ალიანსის — ირგვლივ 50-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული. ზოგი ძალიან პატარაა, ზოგი — დიდი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს — შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი“, — წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.
ინაშვილის თქმით, მის უკან არასდროს არ მდგარა ღარიბაშვილი და არ იცის, მოეწონება თუ არა ექს-პრემიერს ეს აზრი.
„სხვათა შორის, ამ განცხადებით წინასწარ ვუჭრი გზას კობახიძე-მდინარაძეების ცრუ ბრალდებებს, ცილისწამებებსა და ხაფანგებს“, — დასძენს ინაშვილი.
ირმა ინაშვილი ფიგურირებს ღარიბაშვილის სოციალურ ქსელში თავდაპირველად გავრცელებულ წერილში, რომელიც ექს-პრემიერის თქმით, ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს. წერილის მიხედვით, მას სთავაზობენ, ახალი, კორუფციული საქმე აიღოს თავის თავზე, რათა პოლიტიკაში დაბრუნება აღარ იფიქროს.
„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. ჩვენ თავზე ავიღოთ ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით, ანუ, როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”, – ნათქვამია წერილში.
თუმცა მეორე დღეს გამოქვეყნებულ პოსტში ღარიბაშვილი ივანიშვილს აღარ ახსენებდა და ამბობდა, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს.
ირმა ინაშვილმა, თავის მხრივ, თქვა, რომ ღარიბაშვილი მისი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ამბობს. ინაშვილმა ღარიბაშვილს მოუწოდა, „რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე“.
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე – ინაშვილი
