აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რატკლიფი დაუანონსებელი ვიზიტით ეწვია მოსკოვს. ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მედიის ცნობით, მან უკვე დატოვა რუსეთი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რატკლიფის ვიზიტი სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. მან ასევე თქვა, რომ CIA-ს დირექტორი არ შეხვედრია რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კონტაქტები დაზვერვის სამსახურების მეშვეობით შედგა. შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრები არ ყოფილა“, – თქვა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს რატკლიფთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მან უარი თქვა ესაუბრა განხილული თემების ან რაიმე დამატებითი დეტალების შესახებ.

პესკოვის თქმით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის კონტაქტი რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისის მოგვარებას.

„ეს კონტაქტები ხშირად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი გრძელდება. სხვათა შორის, ამის შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. თუმცა ჯერ კიდევ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ მთლიანობაში რა გავლენას მოახდენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების იმ ღრმა კრიზისიდან გამოყვანის პროცესზე, რომელშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან“, – განაცხადა მან.

თეთრ სახლს, ისევე როგორც CIA-ს, რატკლიფის მგზავრობის შესახებ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

The Wall Street Journal-მა გაავრცელა ვერსია, რომ შესაძლოა რატკლიფი პუტინისთვის „გაფრთხილების“ გადასაცემად ჩავიდა. გაზეთის ცნობით, აშშ-მა მოიპოვა სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის შესაძლო სამხედრო მობილიზაციისთვის ადრეული მზადება დაიწყო და  „ნატოს სიმტკიცის გამოცდას“ გეგმავს. გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ ვიზიტი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ირანში მიმდინარე ომთან.

მაიკლ ვაისი, ამერიკელი ჟურნალისტი,ეროვნული უსაფრთხოების/სადაზვერვო საკითხების ანალიტიკოსი ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ რატკლიფი მოსკოვში ევროპისა და NATO-ს წინააღმდეგ რუსული ესკალაციის შესახებ გაფრთხილების გადასაცემად ჩავიდა.

„ეს უკავშირდება ამერიკულ სადაზვერვო ცნობებს, რომლებიც პოლონელებს, ბალტიისპირელებსა და სკანდინავიელებს გაუზიარეს, და ემთხვევა ГРУ-ს სავარაუდო დივერსიული ოპერაციებისა და რუსული დრონების აქტივობის შესამჩნევი ზრდის ფონს“, – წერს ის. 

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რატკლიფი ყველაზე პროუკრაინულად განწყობილი ოფიციალური პირია ადმინისტრაციაში.

ვიზიტი მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა შეჩერებულია აშშ-ის შუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად.

ბოლოს CIA-ს დირექტორი მოსკოვს 2021 წლის ნოემბერში ეწვია. სამი თვის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.