ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისდის და ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლოში იმიტომ არ გამოცხადდა, რომ სპექტაკლში მონაწილეობა არ სურს.
დღეს, 25 აგვისტოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრო თავის სასამართლო პროცესს, რომელიც მისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან – კორუფციის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა. სასამართლოში არც მისი ოჯახის წევრები მისულან.
მისი თქმით, ღარიბაშვილი დღეს მორიგ წერილს გაავრცელებს, რომელშიც მისი პოზიცია იქნება დაფიქსირებული.
„თვლის, რომ იგი არის პოლიტიკური დევნილი და ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. დამატებით მის პოზიციას გაეცნობით მისი განცხადებიდან. დღეს იქნება მისი განცხადება“, – განუცხადა ნათია თამაზაშვილმა „ტვ პირველს“.
კორუფციის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. თავად ღარიბაშვილი ან მისი ოჯახის წევრები სხდომას არ დასწრებიან. საქმის პროკურორი ანი ლეკიაშვილია.
პროკურატურა ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროს საჯარო შესყიდვის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ქრთამი აიღო, თითომ – 750 ათასი ლარი.
ღარიბაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
პროკურატურის განცხადებით, მის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.
მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
