უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინის პრეზიდენტის შემდეგ, დაადასტურა რუსეთის ქალაქ პერმში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა. ამ ქარხანას უკრაინამ 29 ივლისსაც დაარტყა.

გენერალური შტაბი ამბობს, რომ 21 აგვისტოს ღამით „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზზე“ თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ზარალზე სხვა მონაცემები ჯერ არ გავრცელებულა.

უწყების განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

გენშტაბის ცნობით, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“ რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა და ის ჩართულია რუსეთის არმიის მომარაგებაში.

პერმის მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „დაფიქსირდა დაზიანება ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე“, მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა პერმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და ვოლგოგრადის რეგიონში „მარინოვკას“ სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შესახებ.