გივი თარგამაძე, რომელიც თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლად ცხოვრობს, ამბობს, რომ გუშინ ღამით ექს-პრემიერის დაცვის ჯიხურის დარბევას შეესწრო.

„მე ვნახე ლაივში ჩვეულებრივი (19)37 წელი. ღამე, სიჩუმეში ეს ვიღაც ორი სუს-ის ტიპი, ორი მკვლელი, ასე დადიოდნენ… მე და ჩემი ძაღლი გავედით, ნუ ალბათ გადავარჩინეთ ის ადამიანი, ვინც იჯდა დაცვის ჯიხურში“, — თქვა თარგამაძემ „ტვ პირველთან“.

მისი თქმით, ორი პირი, ვისაც სახე დაფარული არ ჰქონდა, დაცვის ოთახში შევიდა და ნივთები დააზიანა.

„ამათი დედაც და ამათი ოჯახი, ამათი გამყიდველი…“ — ყვიროდნენ მთელი ქუჩის გასაგონად. არავინ ხმა არ ამოიღო. შევიდნენ, გადმოყარეს კომპიუტერები ჩემს სანახავად ქუჩაზე პირდაპირ, მერე ფეხებით დალეწეს“, — თქვა თარგამაძემ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს კითხვით, აქვთ თუ არა ინფორმაცია მსგავსი ფაქტის შესახებ და დაიწყო თუ არა გამოძიება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამავდროულად, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოხსნილი აქვს.