14 აგვისტოს ღამით დედაქალაქში მოსულმა წვიმამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები, კერძო სახლები, კორპუსები, ოფისები და სარდაფები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. თბილისის მერიის განცხადებით, ამ დროისთვის, მთელი ქალაქის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები.
უწყების თანახმად, სალიკვიდაციო პროცესში სრულად არიან ჩართულნი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. მერიის ცნობით, მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და ტერიტორიების გაწმენდის სამუშაოები. „თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებულნი ყველა იმ პრობლემურ წერტილში, სადაც უხვმა ნალექმა გადაადგილება შეაფერხა ან მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა.
მერიის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში მობილიზებულია როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურ რეჟიმში ირეცხება და იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც წვიმის შედეგად ჩამოტანილი სხვადასხვა სახის ნარჩენით ამოივსო. მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა გზის სავალი ნაწილების გაწმენდა ღვარცოფული მასისა და მიწისგან.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი პაპავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე არ გაჩერდება:
„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება.“
ნალექის შედეგად ყველაზე მეტად ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა დაზარალდა. დაიტბორა არაერთი კერძო სახლი და სარდაფი. ქალაქის მასშტაბით წყლით დაიფარა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
ფიქსირდება ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანების კონკრეტული ფაქტებიც:
- ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში, გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა.
- ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე, ჩამოშლილმა მიწის მასამ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი დააზიანა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნაძალადევის გამგეობამ დაზარალებულ სამსულიან ოჯახს დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა უკვე შესთავაზა.
- ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები ფერდიდან ჩამოშლილ მიწის ნაშალში მოყვნენ.
სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში.
რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს, ტერიტორიის სრული გაწმენდა კი უახლოეს დღეებში იგეგმება.
საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 2 72 22 22.
