თურქეთში მცხოვრები აფხაზი აქტივისტისა და აკადემიკოსის, ელჩინ აძინბას, წინააღმდეგ მუქარისა და ზეწოლის შესახებ აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებენ. მათი მტკიცებით, აძინბას, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებზე აფხაზეთის საკითხზე საუბრობს, საქართველოსთან დაკავშირებული პირები დევნიან, თუმცა, განცხადებაში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობაზე მათი ბრალდებები ფაქტებით დადასტურებული არ არის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ელჩინ აძინბა თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენელია და აკადემიურ საქმიანობას ეწევა – ის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობს და გაეროს პლატფორმებზე აფხაზეთის საკითხზე, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობის უფლებებსა და რეგიონის საერთაშორისო იზოლაციაზე, საუბრობს.

13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აფხაზური პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ აძინბაზე ზეწოლა დაახლოებით 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჟენევაში და მოგვიანებით თურქეთშიც გაგრძელდა.

მათი განცხადებით, აძინბას სხვადასხვა დროს ემუქრებოდნენ, უთვალთვალებდნენ და ცდილობდნენ მის დაშინებას. განცხადებაში მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის სასტუმროს ნომერში მისი არყოფნის დროს უცნობი პირის შეღწევა, მოწამვლით მუქარა, თურქეთში სავარაუდო პროვოცირებული ავტოავარია და კიბერშეტევები.

ორგანიზაციების თქმით, აძინბას მუქარა მადრიდში გამართულ კონფერენციაზეც მიაყენეს, ხოლო 2026 წლის ივლისში ჟენევაში მას სისტემატურად უთვალთვალებდნენ.

მათი ინფორმაციით, აძინბა თითქმის ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ იღებს მუქარის წერილებს, მათ შორის სიცოცხლის მოსპობისა და მისი შვილებისთვის ზიანის მიყენების შესახებ.

აფხაზური მხარე ამ შემთხვევებს აძინბას საქმიანობას უკავშირებს. მათი შეფასებით, ის საერთაშორისო პლატფორმებზე აფხაზეთის „დეიზოლაციისა და საერთაშორისო აღიარების“ საკითხზე საუბრობს, რის გამოც მის წინააღმდეგ ზეწოლა ხორციელდება.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეჭვი აქვთ საქართველოს სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების მონაწილეობაზე. ამ ბრალდების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები განცხადებაში წარმოდგენილი არ არის.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აძინბას წინააღმდეგ არსებული მუქარის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა საქართველოს მთავრობას ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, რომელსაც გაეროს ხუთი სპეციალური მომხსენებელი აწერდა ხელს.

ორგანიზაციები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, აძინბას სახელმწიფო დაცვა უზრუნველყოს, ხოლო დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ, საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დააყენოს.

განცხადებას ხელს აწერენ აფხაზეთში მოქმედი პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები „აპსნი“, „აკზაარა“, „არუაა“, „ანდ“ და „თანამედროვე სახელმწიფო“. განცხადება სოხუმში 13 აგვისტოს გავრცელდა.