ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ტრიკაფტა“ ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.

სამინისტროს ცნობით, ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას – რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.

„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი, მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის იგივე მუკოვისციდოზის, იშვიათი გენეტიკური, ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში. ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობას და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.

„დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ. მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის. საქართველო იქნება იმ არცთუ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის“ – განაცხადა მან.