აშშ-ის საელჩო ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.
„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.
სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
წელს 18 წელიწადი გადის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ცხინვალის რეგიონში საქართველოსა და რუსეთის ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები განვითარდა. 8 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალები შემოიყვანა და კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ომის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა, საქართველომ კი კონტროლი დაკარგა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებზე. 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
