აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ მეწარმეობის განვითარების ფონდის დაფინანსება 201 მილიონიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress აშშ-ის მთავრობის ხარჯების ოფიციალურ ბაზაზე (USAspending.gov) დაყრდნობით ავრცელებს.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაფინანსება უკავშირდება Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP)-ის ინიციატივას, რომელიც სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის დაკავშირება ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიურომ TRIPP+ ფონდს 201 მილიონი დოლარის გრანტი 2026 წლის 30 იანვარს გამოუყო, ხოლო 16 ივლისს გრანტის მოცულობა 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა. პროგრამის დასრულების ვადად კვლავ 2036 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული. პროგრამისთვის გათვალისწინებული 402 მილიონი დოლარი უკვე სრულად გამოყოფილია.

TRIPP+ ფონდი 2026 წლის 26 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გამოაცხადეს, რომ სამხრეთ სომხეთში TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვისთვის შეიქმნება TRIPP Development Company, რომლის 26%-ს სომხეთი, ხოლო 74%-ს აშშ ფლობს.

TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურებია. პირველი დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდია, რომლის ხელმძღვანელად ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი დაინიშნა, ხოლო მეორე – უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით იმუშავებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაფინანსების გაორმაგება ემთხვევა ვაშინგტონის მცდელობას, გააძლიეროს მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ტრანსკასპიურ დერეფანთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერაში. ინიციატივის ავტორების შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, ისე სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზე.