„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის ბრიფინგს და აცხადებს, რომ საქართველოში არაფორმალური სადამსჯელო რაზმების შექმნის დაანონსება თავისუფალი აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის შემაშფოთებელი გაგრძელებაა.
საიას შეფასებით, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება. ხოლო დღეს გაკეთებულ განცხადებაში, ორგანიზაციის თქმით, აშკარად ჩანს „დაჯგუფების ძალადობრივი ხასიათი („თუკი შესაბამისი გარემოპირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება“)“
საია აცხადებს, რომ მესამე პირების მხრიდან ძალადობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე საქართველოში აქტიურად გამოიყენებდა როგორც 2024 წლის გაზაფხულის და ზამთრის საპროტესტო აქციების პარალელურად, ასევე 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდგომ პერიოდში.
„ასეთი თავდასხმები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებით ან მოძალადეთა მიმართ პოლიციის არასათანადო რეაგირებით არის წახალისებული. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის არაეფექტიანი გამოძიება პრობლემურია როგორც საპოლიციო, ასევე მესამე პირთა მხრიდან ძალადობის მიმართ. გარკვეულ შემთხვევებში, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ღიად გვევლინებიან მსგავსი კამპანიების ორგანიზატორებად.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სადამსჯელო დაჯგუფების შექმნა და მის მიერ მოქალაქეთა გამოხატვის კონტროლის დაანონსება მჭიდრო კავშირშია აქამდე ნორმალიზებულ სახელმწიფო ძალადობასთან. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების რეპრესიულ აღსრულებასთან ერთად, არაფორმალური ძალადობაც გამოიყენება“, – აცხადებს საია.
ორგანიზაცია ამბობს, რომ მსგავსი ტიპის არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა და მასში მონაწილეობა განსაკუთრებით საფრთხის შემქმნელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის.
„საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალადობრივი, კანონგარეშე დაჯგუფებების შექმნის წინააღმდეგ არაერთ ნორმას შეიცავს და კრძალავს როგორც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასევე- ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელებას. ასევე, აკრძალულია ორგანიზაციაზე ან პირზე თავდასხმის მიზნით მყარი შეიარაღებული ჯგუფის შექმნა და ხელმძღვანელობა (ბანდიტიზმი). აკრძალულია ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა/გაერთიანებაში მონაწილეობა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ. ამასთან, ადამიანებზე თავდასხმის მიზნით დაჯგუფების შექმნა/მასში მონაწილეობა შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას/მასში მონაწილეობას“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა, რათა საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის ადამიანებზე ძალადობის ან მათი დაშინების პრევენცია და აღკვეთა.
ამასთან, საიას განცხადებით, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა უნდა შეწყვიტონ მადისკრედიტირებელი კამპანიებითა და დეზინფორმაციით ძალადობის წახალისების, მოძალადეთა მხარდაჭერისა ან ძალადობის სამიზნეთა „მონიშვნის“ მათთვის ჩვეული პრაქტიკა.
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე კანონმდებლობით მათი უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა. როდესაც პროსამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს“, – აცხადებს საია.
მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდეთ – რა თქვა MMA-ის მებრძოლმა ახალ მოძრაობაზე
