MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც არ დაუსახელებია და არც მათ გაუკეთებიათ რამე კომენტარი, მოძრაობა დააფუძნა და აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება ანუ დანაშაულებრივ ქმედებებზეც წამსვლელია.
რას ნიშნავს ეს, რა საფრთხეები არსებობს, რა პოტენციური კონფლიქტი კანონთან და რა პარალელები პროტესტში მონაწილეობისთვის დაკავებული დემონსტრანტების პოლიტიკურ მოტივირებულ საქმეებთან? – ადვოკატი, ბორის ყურუა გვესაუბრება.
„4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მონაწილეობის მუხლით სხედან ციხეში. დანაშაულისთვის, რომლის ჩადენაც აგერ პირდაპირ ეთერში დაგვიანონსეს.
აქამდე ვინმეს თუ იოტისოდენა ეჭვი მაინც ჰქონდა, იქნებ, დანაშაულის ჩადენას სულაც არ აპირებენ ჯგუფურადო, ბრიფინგზე წარმოთქმული ფრაზა: მზად ვართ ციხეში წავიდეთ, ყველაფერს უფრო გასაგებს ხდის.
ამ რაზმის წევრები, ხის ჯოხებითაც რომ შეიარაღდნენ, 223 მუხლის მოცემულობას მივიღებთ, ანუ სახეზე გვაქვს უკანონო ფორმირება, რომლის შექმნა, ხელმძღვანელობა ან წევრობაც დანაშაულია“, — ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი გულისხმობს უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელებას. ისჯება პატიმრობით 3-დან 7 წლამდე. თუ მსგავსმა ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი, საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება 4-დან 8 წლამდე.
„უცებ რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს ფორმირება ძალოვნებთან შეთანხმების გარეშე კეთდება, ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, დანაშაულის მომზადების ეტაპზევე უნდა მისცენ პასუხისგებაში მონაწილე პირები“, — გვეუბნება ადვოკატი ყურუა, თუმცა აზუსტებს, რომ ძნელად წარმოუდგენია, მსგავს ინიციატივას ძალოვნებთან შეთანხმების გარეშე იჩენდეს ქართველიშვილი.
კომენტარს აკეთებს ადვოკატი ომარ ფურცელაძეც, რომელიც გარდა დანაშაულებრივი შემადგენლობისა, ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გიორგი ქართველიშვილის დღევანდელი ბრიფინგი პოლიტიკური განაცხადიცაა.
„იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც. იმედს ვიტოვებ, მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას“, — ამბობს ადვოკატი.
ნეტგაზეთმა მიმართა პროკურატურას კითხვით, მიადევნეს თუ არა თვალი ბრიფინგზე შესაძლო კანონდარღვევების დაანონსებას და ჰქონდა თუ არა, ან აპირებს თუ არა უწყება რეაგირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
გიორგი ქართველიშვილმა ბრიფინგზე გაიმეორა ის პროპაგანდისტული გზავნილი, რასაც „ქართული ოცნება“ და მათი სატელიტი მედიები და სხვა საშუალებები ავრცელებენ, რომ, თითქოს, ქართული ღირებულებები თავდასხმის სამიზნეა ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფების, პოლიტიკოსების, აქტივისტების, მედიის და მათთან დაკავშირებული ადამიანების მხრიდან. ქართველიშვილი და მისი რაზმი, რომელზეც ამბობს, რომ „აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება“, ამ „საფრთხეების“ საპასუხოდ არაფერს მოერიდებიან.
„მზად ვართ თითოეული ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, — ამბობს ქართველიშვილი.
ქართველიშვილის რიტორიკა უკვე მოიწონა „ოცნების“ ბოლოდროინდელმა სპიკერმა, არჩილ გორდულაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის „მნიშვნელოვანი და კარგი“, თუმცა „უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“.
თავის მხრივ, ქართველიშვილი ხშირად აქვეყნებს ხოლმე ფეისბუკზე „ოცნების“ ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მათ შორის, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძესთან.
