საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება – კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 000-ზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი.
“ბრალდებული აღნიშნული ქონების გასხვისებას, უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა. მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით, სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად – 1 200 000 აშშ დოლარად ასხვისებდა, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”, – აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
