პენ საქართველო ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვახო სანაიას საქმე სცილდება ერთი ჟურნალისტის უფლებების დარღვევის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საზოგადოების დაშინებას.
„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტისებისთვის. რეპრესიული განაჩენებით ცნობილმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ ჩათვალა, რომ ჟურნალისტი შეურაცხყოფდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და პარლამენტარს – ლადო ბოჟაძეს.
პენ საქართველო მკაცრად გმობს სასამართლოს განაჩენს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისთვის (და ნებისმიერი მოქალაქისთვის) თავისუფლების აღკვეთა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრების გამო გამოხატვის თავისუფლების უხეში შეზღუდვაა და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება კრიტიკული აზრის მთლიანად მოსპობას.
თავისუფალ სახელმწიფოში კრიტიკული აზრი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო ინსტიტუტებისა და სასამართლოს მიმართ გამოთქმული მწვავე შეფასებები, არ შეიძლება გახდეს ადამიანის დასჯის საფუძველი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისჯება ჟურნალისტი, რომელიც მიზანიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაა.
ვახო სანაიას საქმე სცილდება ერთი ჟურნალისტის უფლებების დარღვევის ფარგლებს. ის ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის დასჯას, არამედ მედიის, მწერლების, ხელოვანებისა და მთლიანად საზოგადოების დაშინებას. როდესაც სახელმწიფოს პასუხი სიტყვაზე პატიმრობა ხდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცენზურა დამკვიდრებულია.
ცენზურა კონკრეტული ადამიანების დევნით იწყება, მაგრამ მისი მთავარი მიზანია თვითცენზურის გაჩენა, ანუ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები თავად ერიდებიან კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას რეპრესიების შიშით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
PEN საქართველო სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, მწერალს, ხელოვანსა და მოქალაქეს, რომლებიც დღეს საქართველოში თავისუფალი სიტყვის დაცვისთვის იდევნებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვახო სანაიამ 10 ივლისს დაწერა, რომ შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დაჯარიმდა. ამავე დღეს მან სოციალურ ქსელში ორი სტატუსი გამოაქვეყნა:
- „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყ**ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.
- „მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყ**ებად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს“.
18 ივლისს Facebook-ზე ტელეწამყვანმა დაწერა, რომ მას ისევ უჩიოდნენ:
„მოვიდა სასამართლოს რაღაც ფურცლები. ცირკია. მე ხომ დავწერე, ნუ უწოდებთ-მეთქი შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ყ***ბს. ხო გახსოვთ, რომ ამის გამო დამაჯარიმეს. ანუ სასამართლომ ამით თქვა, რომ მე რეალურად იმ სტატუსით ლადოსა და შალვას ყ***ბი ვუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოვუწოდე, არ ეწოდებინათ მათთვის ყ***ბი. დღეს მოვიდა ახალი ფურცლები. სქროლვა/სქრინვის სამმართველო კიდევ მიჩივის“
მანამდე, 2025 წელს სანაია სასამართლოს 4 000 ლარით ჰყავდა დაჯარიმებული. მაშინ ჟურნალისტმა დაწერა – „ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ“.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე პირველი ივნისიდან ფუნქციონირებს. საზოგადოებაში მას „სქროლვა-სქრინივს“ სააგენტოს უწოდებენ. მას შემდეგ, რაც მონიტორინგი დაიწყო არაერთი ადამიანი დაჯარიმდა.
ერთი თვის გასვლის შემდეგ, პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, სამმართველომ 170 „სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი“ გამოავლინა.
შსს მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით ედავება – 166-ე; 173 (16).
- 166-ე მუხლი [წვრილმანი ხულიგნობა] არეგულირებს „საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს“. ისჯება ჯარიმით 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობით 20 დღემდე. განმეორებისას ჯარიმა იზრდება 5000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა — 60 დღემდე. წინა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, განმეორებაზე პირდაპირ პატიმრობაა არანაკლებ 30 დღისა.
- 173 (16) მუხლი არეგულირებს ასევე „სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას“ ოღონდ სახელმწიფო/პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. ისჯება ჯარიმით 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე, ან პატიმრობით 45 დღემდე. განმეორებისას ჯარიმა იზრდება 2500-დან 6 000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა — 60 დღემდე.
