რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სასამართლომ არ დააკმაყოფილა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებული შპს „Кока-кола Компани-ს“ (Coca-Cola Company) სარჩელი, რომლითაც კომპანია ამერიკული The Coca-Cola Company-ს ოთხი სასაქონლო ნიშნისთვის რუსეთში სამართლებრივი დაცვის გაუქმებას ითხოვდა. სასამართლომ სარჩელი სრულად უარყო. ინფორმაციას რუსული სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს.

დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ რუსეთის საპატენტო უწყებაში (როსპატენტი) საკუთარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვა – აღნიშვნით Coca-Cola, წითელ-თეთრ დიზაინში, რომელიც ამერიკული კომპანიის ცნობილ ბრენდს ძალიან ჰგავს. როსპატენტმა განაცხადი არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ახალი ნიშანი უკვე არსებული Coca-Cola-ს ბრენდებთან მსგავსების გამო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკს ქმნიდა.

ამის შემდეგ სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ამერიკული The Coca-Cola Company-ს ოთხი სასაქონლო ნიშნის დაცვის გაუქმება რუსეთში. კომპანიის არგუმენტი იყო, რომ ეს ნიშნები რუსულ ბაზარზე აღარ გამოიყენებოდა და, შესაბამისად, მათი გაუქმება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.

სადავო ნიშნებს შორის იყო Coca-Cola-ს სახელწოდების მქონე ბრენდები როგორც ფერად, ისე შავ-თეთრ შესრულებაში. მათ შორის ერთ-ერთი სასაქონლო ნიშანი ჯერ კიდევ 1927 წელს იყო რეგისტრირებული საბჭოთა კავშირში, ხოლო მეორე – რუსეთში 1996 წლიდან „საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის“ სტატუსით არის დაცული.

რუსული მედიის ცნობითვე, ამასთან, სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებული კომპანიის წინააღმდეგ თავად ამერიკულმა The Coca-Cola Company-მაც დაიწყო სამართლებრივი დავა. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამერიკული კომპანია ითხოვს, რუსეთში აიკრძალოს სახელწოდების „Кока-кола Компани“ გამოყენება.

კომპანია „Кока-кола Компани“ ფართო ყურადღების ცენტრში 2025 წელს მოექცა, როდესაც რუსულ ბაზარზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტირებული რუსულ კომპანია საცალო ქსელებს Coca-Cola-ს სახელით სასმელს სთავაზობდა. გავრცელებული ცნობებით, პროდუქტის ეტიკეტი ვიზუალურად თითქმის იმეორებდა ამერიკული Coca-Cola-ს დიზაინს.

ამერიკულმა The Coca-Cola Company-მ 2022 წელს რუსეთში საკუთარი ბრენდების – Coca-Cola, Sprite და Fanta  გაყიდვები შეაჩერა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მოგვიანებით რუსულ ბაზარზე Coca-Cola-ს ნაცვლად ადგილობრივი ანალოგები გამოჩნდა.