ალექსანდრე კარტოზია, რომელიც გერმანიაში საქართველოს ელჩად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.
გერმანიის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, ამ დღეს დაგეგმილია საქართველოს, ჩილეს, ჰონდურასის, ნიგერიის, მავრიტანიის, მადაგასკარის რესპუბლიკის ელჩებისა და ვატიკანის ნუნციუსის აკრედიტაცია.
ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა, თუმცა გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელების ჩასაბარებლად ამ დრომდე არ მიუღია.
რწმუნების სიგელი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამა თუ იმ პირის წარგზავნას უცხო სახელმწიფოში დიპლომატიურ წარმომადგენლად. წარმგზავნი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელმოწერილი რწმუნების სიგელი ეძლევა ელჩად ან დესპანად დანიშნულ პირს და მიმართულია დანიშნულების ადგილის სახელმწიფოს მეთაურისადმი. იგი შეიძლება მიეცეს სპეციალური დელეგაციის ხელმძღვანელსაც.
რწმუნების სიგელში აღნიშნულია დანიშნული პირის ვინაობა და დიპლომატიური რანგი, ის შეიცავს წარმგზავნი სახელმწიფოს მეთაურის თხოვნას, რათა მიმღები სახელმწიფოს მეთაურმა ირწმუნოს ყოველი, რასაც დიპლომატიური წარმომადგენელი განაცხადებს ან მოიმოქმედებს თავისი სახელმწიფოს სახელით. რწმუნების სიგელის წარმომადგენელი აბარებს მიმღები სახელმწიფოს მეთაურს მის რეზიდენციაში, წარმომადგენელს თან ახლავს თავისი საელჩოს (მისიის) დიპლომატიური პერსონალი. რწმუნების სიგელის ჩაბარებით სრულდება აკრედიტების პროცესი.
გერმანიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია კარტოზიას მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა ღონისძიებაში. ეს ზოგჯერ მუსიკალური საღამოა, ზოგჯერ ეროვნული კინოცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. თუმცა საჯარო წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, გერმანიაში ყოფნის 10-თვიანი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა თუ არა ოფიციალური შეხვედრა ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ოფიციალურ პირებთან, ან პოლიტიკურ ლიდერებთან.
