ქუთაისში დაიღუპა მუშა, რომელიც კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყვა. ფაქტს „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
უწყება ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედია „ქუთაისიპოსტმა“ გაავრცელა. მედიის ცნობით, შემთხვევა იოსელიანის ქუჩაზე მოხდა, სადაც კორპუსის მშენებლობაზე, ბეტონის დასხმის დროს რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა.
„ქუთაისიპოსტი“ წერს, რომ საცხოვრებელ კომპლექსს სამშენებლო კომპანია „მაუდი რეზიდენსი“ აშენებს.
