საიას შეფასებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება – 10 000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

საქმე ეხება გოგა ხაინდრავას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასული სიუჟეტები გაასაჩივრა.

„ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას. მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა“, – აცხადებს საია.

საია მიმოიხილავს იმ ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პრეცედენტი SLAPP-ად შეიძლება შეფასდეს.

„კერძოდ, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული სამეფოს Anti-SLAPP Coalition-ისა და იურისტთა რეგულირების ორგანოს (SRA) შეფასებით, SLAPP-ის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი:

  • ძალთა დისბალანსი – მიუხედავად იმისა, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, ამასთანავე, პარალელურად დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიებაც.
  • საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურისთვის დამატებითი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მედიაზე ზეწოლას და ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე.
  • უსაფუძვლო ან გაზვიადებული პრეტენზიები – სადავოა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სარჩელი რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
  • სასამართლო პროცესის, კანონების ან საპროცესო წესების ინსტრუმენტალიზაცია/ბოროტად გამოყენება – თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფინანსური სანქციები ხშირად გამოიყენება კრიტიკული მედიის ფინანსური დასუსტებისა და შეზღუდვის საშუალებად. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ზოგადად, საქართველოს რეალობაში, საერთო სასამართლოები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ასეთი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ.
  • იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია ფორმულას არაერთხელ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ, ეს კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10’000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანის უფლებების უმწვავეს კრიზისში რეპრესიების სამიზნე სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა.
  • ერთი და იმავე ფაქტისა თუ საკითხის საფუძველზე რამდენიმე და კოორდინირებული სამართალწარმოება – “ფორმულას” წინააღმდეგ ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად ხდება ორი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება – სამოქალაქო დავა პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით და, სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით, რომელთან დაკავშირებითაც საიამ ასევე გააკეთა განცხადება. ასეთი მრავალმხრივი სამართლებრივი ზეწოლა დამახასიათებელია SLAPP-ისთვის, რადგან მისი მიზანია კრიტიკული მედიის ფინანსური და პროფესიული რესურსების გამოფიტვა და დაშინება.
  • სამიზნეა პუბლიკა, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს უკავშირდება – მოსარჩელემ სადავო გახადა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, საუბარია სუს-თან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო არაკანონიერ შემოყვანაზე.
  • ეს საკითხი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და მიგრაციის პოლიტიკას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას.

ზემოაღნიშნული ინდიკატორების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე დავა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით, ატარებს SLAPP-ის მკაფიო ნიშნებს.

საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, შეფასებებიც ადასტურებს, რომ მსგავსი საქმეები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევებს, არამედ ეს არის მედიაგარემოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილი“, – აცხადებს საია.


14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ გოგა ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურა „ფორმულას“ გოგა ხაინდრავას მიმართ  ცრუ დასმენას ედავებოდა. (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

უწყება ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

„შაბათის ფორმულას“ წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.

ხაინდრავაც და პროკურატურაც მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია იმისათვის, რომ აღიძრას საქმე „ცრუ დასმენაზე“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „შაბათის ფორმულას“ დაევალა რეპორტაჟში გასული „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ უარყოფა, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.