ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, დღეს, 13 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო.
„საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ დევნას და არასასურველ კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში, გოგონას ნების საწინააღმდეგოდ შეხებას გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მოძალადისთვის ცნობილი იყო დაზარალებულის ასაკი, თუმცა მასთან კონტაქტს მაინც ინტენსიურად ცდილობდა. მისი ამ ქმედებების შედეგად ბავშვმა მძიმე ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა, აღარ გადაადგილდებოდა იმ სივრცეებში, სადაც შეიძლებოდა მოძალადეს შეხვედროდა. ბავშვის ეს გამოცდილება ცნობილი იყო მისი მეგობრებისა და მასწავლებლისთვის, რომლებმაც, ასევე, სრული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას“, – ნათქვამია „საფარის“ განცხადებაში.
