თელავში არასრულწლოვანი დაჭრეს, ფიზიკურად იძალადეს მისი ოჯახის წევრზეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე სამი პირია დაკავებული. მათ ბრალად ედებათ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ძალადობა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.
