ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს, ოფიციალური წერილით მიმართავს და ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ განახლებული სისხლის სამართლის საქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ო’ფლაჰერტი ითხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა მის წინააღმდეგ საქმე, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურამ თავად შეწყვიტა 2026 წლის 1 აპრილს.

წერილში აღნიშნულია, რომ ასეთი გარემოებები სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი განსაზღვრულობის, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო თვითნებურობის შესახებ.

მაიკლ ო’ფლაჰერტი გენერალურ პროკურორს სთხოვს განმარტოს: რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე; რა ახალი მტკიცებულებები ან გარემოებები გახდა საქმის ხელახლა გახსნის საფუძველი; რატომ მიიჩნია გამოძიებამ, რომ აუცილებელი იყო სადიგოვის წინასწარი პატიმრობა; როგორ არის უზრუნველყოფილი მისი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს, ადვოკატთან წვდომისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლება.

კომისარი ასევე იხსენებს, რომ ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს წერილით მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ყველა უფლებადამცველი, ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, რომლებიც, მისი შეფასებით, კანონიერი პროფესიული საქმიანობის ან კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის გამო არიან დაპატიმრებული, და შეეწყვიტა მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.

2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. მოთხოვნა უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ წაყენებულ სისხლის სამართლის ბრალდებას – გამოძალვას. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის არ უნდა გადაეცათ, საქართველოს ხელისუფლებამ ის 2025 წლის 16 აპრილს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 2026 წლის პირველ აპრილს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, ხოლო 5 აპრილს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში იყო დეპორტირებული. აზერბაიჯანში იგი 8 ივნისს ისევ დააკავეს ძველი ბრალდების საფუძველზე.