სინდისის ყოფილი პატიმარი გიორგი ახობაძე დღეს 3000 ლარით დააჯარიმეს. სასამართლოში მას ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველო ვატო შაქარაშვილის ფეისბუკზე შეურაცხყოფას ედავებოდა და ამით საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას.
„შენი რუსი დდშვც“, — ეს იყო კომენტარი, რომელიც გიორგი ახობაძემ დაწერა გვერდზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, პოსტზე, სადაც ვატო შაქარიშვილი ავითარებს აზრებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ზიანის მომტანია.
თუმცა სხდომაზე გახდა ნათელი, რომ შსს-ს იურისტი მარიამ კერესელიძე, რომელიც სამმართველოს, როგორც მხარეს წარმოადგენდა სასამართლოში, გიორგი ახობაძის მიმართ ორი სხვადასხვა საქმის გაერთიანებას ითხოვდა. ამ მეორე საქმეში ახობაძეს ედავებოდნენ ისევ ვატო შაქარიშვილის, ასევე, დავით ზარდიაშვილისა და გიორგი ჭურღულიას შეურაცხყოფას .
საქმეები გაერთიანდა და გადაწყვეტილება, რომ გიორგი ახობაძემ ჩაიდინა ხულიგნობა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სიმშვიდე, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა. სხდომას თავად ახობაძე არ დასწრებია.
მისი მხრიდან სამართალდარღვევა აღმოაჩინა და წარმოება დაიწყო სანდრო კეპაშვილმა — ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, რომლის მოწმედ დაკითხვასაც ითხოვდა ადვოკატი მიხეილ ზაქარეიშვილი, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ახობაძის წინააღმდეგ ამ საქმის მასალებში ასევე დევს დოკუმენტი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი ახობაძე მიცემულია პასუხისგებაში 2024 წლის 9 დეკემბერს, კრიმინალური პოლიციის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მიერ. „საბოლოო გადაწყვეტილება არ ფიქსირდება“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მასშტაბური აქციების მიმდინარეობისას, 8 დეკემბერს, ნაშუაღამევს, აქციიდან მეგობართან ერთად მიმავალი გიორგი ახობაძე დააკავეს, მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ და მისთვის წარდგენილი ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. გიორგი ახობაძე 8 თვე იმყოფებოდა პატიმრობაში, სანამ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 2025 წლის 6 აგვისტოს მის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ბათუმში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, გაგახსენებთ იმასაც, რომ მარიამ კერესელიძე, რომელიც დღეს შსს-ს წარმოადგენდა ახობაძის წინააღმდეგ საქმეში, ასევე ფიგურირებდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ, „სტიკერის გაკვრის“ საქმეში, რისთვისაც მზია ამაღლობელი ორჯერ, ჯერ 2000 და შემდეგ კიდევ 1000 ლარით დააჯარიმეს.
