“თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქის, ფატიმა ქერიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს”- ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო АPА აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ოფიციალურ პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად ახორციელებენ ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
აზერბაიჯანის პროკურატურა აცხადებს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად.
უწყების ცნობითვე, საქმის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პროკურატურას – მიმართვაში აზერბაიჯანული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას სრულად გაუწიოს სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
ამავე დროს, ბაქო ხაზს უსვამს, რომ მზად არის უზრუნველყოს გამოძიების სრული, ობიექტური და ყოვლისმომცველი წარმართვა, რათა დადგინდეს საქმის ყველა გარემოება და სამართლებრივად შეფასდეს მომხდარი ფაქტი.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მკაცრად უყურებს აზერბაიჯანის მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, მიუხედავად იმისა, ქვეყნის შიგნით ხდება ეს თუ მის ფარგლებს გარეთ. უწყების თქმით, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მუდმივად რჩება მათი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა ორგანიზაცია ‘საფარმა’.
„საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს
