ოსური მედიის ინფორმაციით (RES),დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცა პრეზიდენტობის კანდიდატად მარატ კამბოლოვის წარდგენის მხარდამჭერი ხელმოწერების დოკუმენტი. გაგლოევის გადადგომის შემდეგ კამბოლოვი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი საწარმო „BTK-4“-ის (სამკერვალო ფაბრიკა) თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა შეადგინა.

შემდეგ ეტაპზე, 7 ივლისს, საინიციატივო ჯგუფის კრების ჩატარებაა დაგეგმილი.

უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში შესრულდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, რომელიც აუცილებელია კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში შემდგომი მონაწილეობისთვის.

მარატ კამბოლოვი პირველი კანდიდატია, რომლის დოკუმენტებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წარსადგენად შევიდა.

ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს [ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე სექტემბერში] რუსეთის მოქალაქე, მარატ კალამბოვი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ცვლილებები ცხინვალის პოლიტიკაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა 9 მაისს “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს. ამ ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რუსეთის მოქალქეებსაც შეუძლიათ.