„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართვა არ აინტერესებს.

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ განაცხადა.

ცოტნე ივანიშვილი ბოლო პერიოდში აქტიურად ჩნდება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეკრებებზე. თუმცა ამბობს, რომ ამ შეხვედრებზე მხოლოდ სტუმრის სტატუსით დადის და მისი ინტერესის სფეროს არა პოლიტიკა, არამედ ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიის კვლევა წარმოადგენს.

„საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის.  არასდროს მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით ვსწავლობ, აკადემიურად იქნება თუ რას ვაკეთებ. საკმაოდ ბევრი წელია ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ნამუშევრებს, მაგრამ ძალიან ბევრს ვხატავ. აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ, ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს.

ამის იქით ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ახალგაზრდული ორგანიზაციისგან. სტუმრის სტატუსით ვესწრები ამ ტიპის შეხვედრებს. პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.