საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგივის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, დღეს, 18 ივნისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის საჩივარი განიხილა, რომელიც მისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლასა და შინაპატიმრობაში გადაყვანას ეხებოდა, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მანამდე სევინჩ სადიგოვამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიმართა და მოუწოდა, ხელი შეუწყოს სასამართლოს მიერ სამართლიანი და ჰუმანური გადაწყვეტილების მიღებას, რაც აფგან სადიყოვის შინაპატიმრობაში გადაყვანა იქნებოდა.
საქართველოდან დაახლოებით 2 თვის წინ დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში კვლავ დააპატიმრეს უკვე შეწყვეტილ საქმეზე.
აფგან სადიგოვის ადვოკატის ცნობით, ხელახლა განიხილება 2024 წელს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აღძრული აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე:
„გენერალურმა პროკურატურამ 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. ამ საქმის დაზარალებულებმა ბინაგადის რაიონულ სასამართლოს მიმართეს გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. დღეს სასამართლომ საჩივარი განიხილა, გააუქმა გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილება და დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილა. შედეგად, 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე კვლავ გამოძიებას დაექვემდებარა. ამავე დღეს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ აფგან სადიგოვს 30 ივლისამდე პატიმრობა შეუფარდა.“
2024 წელს Azel TV-ის ინტერნეტარხის დამფუძნებლის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (გამოძალვა მუქარით).
2024 წლის 4 აგვისტოს აფგან სადიგოვი საქართველოში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავებისა და აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის ექსტრადიცია აკრძალა.
აფგან სადიგოვი 2025 წლის აპრილში გათავისუფლდა. 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, გააუქმა აფგან სადიგოვისთვის საქართველოს დატოვების აკრძალვა.
თუმცა 2026 წლის 4 აპრილს, ღამით აფგან სადიგოვი თბილისში მდებარე სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აზერბაიჯანში გააძევეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხარის მიერ კანონის უხეში დარღვევის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
აზერბაიჯანში დეპორტაციის შემდეგ ჟურნალისტთან საუბარში აფგან სადიგოვმა განაცხადა:
„აზერბაიჯანის ხელისუფლება სამშობლოში დაბრუნებულ ოპონენტებს დაუყოვნებლივ არ აკავებს – ამას მოგვიანებით აკეთებს.“
აფგან სადიგოვი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
საერთაშორისო უფლებადამცველმა და ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა საქართველოში აფგან სადიგოვის დაკავება და აზერბაიჯანში მისი გადაცემა მკაცრად დაგმეს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
