Baku Boulevard in Baku, Azerbaijan, July 28, 2024. © 2024 Aziz Karimov

აზერბაიჯანში სოციალური ქსელებით გავრცელებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ მოქალაქეების მიერ საჯაროდ ბოდიშის მოხდის პრაქტიკა უკვე წლებია გრძელდება და მხოლოდ პოლიტიკოსებსა თუ აქტივისტებს აღარ ეხება. გამოცემა Meydan TV-ის ვრცელ სტატიაში განხილულია, როგორ გახდა „ბოდიშის ვიდეოები“ ხელისუფლებისადმი კრიტიკული აზრის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მექანიზმი.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევების სქემა ხშირად ერთნაირია: მოქალაქე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საცხოვრებელი პირობების, სახელმწიფო უწყებების მუშაობის, კორუფციის ან სხვა პრობლემების შესახებ საუბრობს. თუმცა რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ ინტერნეტში ახალი ვიდეო ვრცელდება, სადაც იგივე ადამიანი აცხადებს, რომ შეცდა, არავის მიმართ პრეტენზია არ აქვს და საკუთარი სიტყვების გამო ნანობს.

Meydan TV ერთ-ერთ ბოლო მაგალითად ასახელებს ჯაბრაილის რაიონის მცხოვრების შემთხვევას. კაცმა ხელისუფლების მიერ გადაცემულ ახალ საცხოვრებელ სახლში არსებული პრობლემების შესახებ ვიდეო ჩაწერა, თუმცა მეორე დღეს უკვე სხვა ვიდეოში ამბობდა, რომ პრეტენზიები აღარ ჰქონდა და საკუთარი საქციელის გამო წუხდა.

გამოცემა იხსენებს 2022 წლის შემთხვევასაც, როდესაც სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა სახელმწიფო საავტომობილო სააგენტოს წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ტვირთი გაუფუჭდათ და გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგნენ. მეორე დღეს მძღოლების ბოდიშის ვიდეოები გავრცელდა, მოგვიანებით კი ორივეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

სტატიაში ასევე მოყვანილია სანან აჰმედოვის მაგალითი, რომელმაც თავდაპირველად განაცხადა, რომ მისი ძმის, ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, სპეციალურ დანაყოფში მიღებისთვის ქრთამი იყო გადახდილი. რამდენიმე დღის შემდეგ მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში და საკუთარი განცხადება უარყო.

Meydan TV-სთან საუბარში იურისტი ემინ აბასოვი აცხადებს, რომ მსგავსი ვიდეოები ემსახურება ადამიანების დამცირებას, რეპუტაციის შელახვასა და საზოგადოების დაშინებას.

„სახელმწიფო ამ ვიდეოებს იყენებს იმისთვის, რომ ადამიანები დაამციროს, დააზიანოს მათი რეპუტაცია და სხვებსაც აჩვენოს, რა შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისთვის მიუღებელ ქცევას“, – აცხადებს აბასოვი.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საჯარო მონანიებისა და იძულებითი აღიარების პრაქტიკა ისტორიულად ავტორიტარული სისტემებისთვის არის დამახასიათებელი. მათი შეფასებით, თუ წარსულში აღიარებებს ხშირად წამებით იღებდნენ, დღეს მსგავსი მიზნები კამერისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მიიღწევა.

Meydan TV ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ასეთი პრაქტიკა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის არ არის დამახასიათებელი და მსგავს შემთხვევებს ირანში, ბელარუსში, რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთშიც ვხვდებით. თუმცა გამოცემის შეფასებით, აზერბაიჯანის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ სამიზნე მხოლოდ ჟურნალისტები, აქტივისტები და ოპოზიციონერები აღარ არიან – ზეწოლის ობიექტი შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს, რომელიც სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავს.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია თავად ვიდეოების ფორმატზეც. როგორც წესი, ადამიანები ოფიციალური ტონით საუბრობენ, ტექსტი წინასწარ მომზადებულს ჰგავს, მათი ქცევა კი დაძაბული და არაბუნებრივია.

“ასეთი პრაქტიკა არა მხოლოდ ადამიანის ღირსებას ლახავს, არამედ მოქალაქეებს საკუთარი პრობლემების საჯაროდ გახმიანების სურვილსაც უკარგავს. საჩივრის ნაცვლად საზოგადოება ბოდიშს ისმენს, გამოძიების ნაცვლად – ზეწოლას, ხოლო დიალოგის ნაცვლად – შიშს“, – წერს Meydan TV.

სტატიის დასასრულს გამოცემა წერს, რომ ბოლო წლებში დამოუკიდებელ მედიაზე გაძლიერებული ზეწოლის ფონზე სოციალური ქსელები მოქალაქეებისთვის საკუთარი პრობლემების გასახმიანებლად ერთ-ერთ ბოლო პლატფორმად დარჩა. თუმცა არსებული ტენდენციები აჩვენებს, რომ ხელისუფლება ამ სივრცის კონტროლსაც ცდილობს და თუ ადრე ზეწოლის მთავარი სამიზნეები ჟურნალისტები და აქტივისტები იყვნენ, ახლა საჯარო კრიტიკის გამო საფრთხის წინაშე ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს.