„ქართული „ოცნება“ საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით ჯარიმების შემსუბუქებას განიხილავს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს.

„ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ. ალბათ, უკვე შემდგომი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის, გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება. პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევაა და რამდენად პროპორციულია გადაცდომასთან მოქმედი ჯარიმები.

დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ, რა ცვლილებები დაიგეგმება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.