სომხეთში პოლიტიკის ექსპერტის, მიკაელ ზოლიანის შეფასებით, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის გამარჯვება მნიშვნელოვანი შედეგია, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რისკები კვლავ შენარჩუნებულია.
„ეს გამარჯვებაა, მაგრამ მინიმალური უპირატესობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რისკები რჩება, ფაქტობრივად მთელი ოპოზიცია პარლამენტში იქნება პრორუსული, და არა მხოლოდ პრორუსული – პირდაპირ კრემლიდან მართული ოპოზიცია. ისინი, დიდი ალბათობით დაიწყებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას, შეეცდებიან აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამშვიდობო პროცესის შეჩერებას. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ამავე დროს გაგრძელდება ბრძოლა რუსულ გავლენებთან, გაგრძელდება კონსოლიდაცია სომხეთში იმ შიდა ძალებისა, რომელთა დღის წესრიგი რუსეთისგან დისტანცირებაა“, – განუცხადა ზოლიანმა ნეტგაზეთს.
მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ რუსეთი შეეცდება შედეგების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და მმართველი ძალის დისკრედიტაციას.
„რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება არჩევნების შედეგების დისკრედიტირებას, ბევრს ისაუბრებს დარღვევებზე და ა.შ. შესაძლოა იყოს რაღაც საპროტესტო აქციების გამართვის მცდელობაც. თუმცა ბევრმა, ვინც მხარი დაუჭირა ამ პრორუსულ პარტიებს, ფულის სანაცვლოდ გააკეთა ეს არჩევანი, ან ის ხალხია, ვინც ჩამოვიდა ქვეყანაში და უკან წავიდა უკვე. ასე რომ, ვფიქრობ, უფრო საინფორმაციო კამპანია დაიწყება, რომ ფაშინიანის პარტიას ლეგიტიმურობის საფრთხე შეუქმნან. ამასთან, არც რუსეთთან დეესკალაციას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ზოლიანმა.
7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, სომხეთის ახალ ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) წარმოდგენილი იქნება სამი პოლიტიკური ძალა: ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ [49.81%] 64 მანდატით და ორი პრორუსული ძალა -რუსი ოლიგარქისა და ბიზნესმენის პარტია „ძლიერი სომხეთი“ [23.29%] და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ [9.94%]– 29 და 12 მანდატებით.
მმართველი პარტიისა და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსის გამო, ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებისა და სომხეთის ეკონომიკის ღრმა კრიზისის პროგნოზს აკეთებდა.
ცხადი პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამო, ფაშინიანს პირდაპირი და ირიბი მესიჯებით მოსკოვიც ემუქრებოდა და “უკრაინის გზას” ახსენებდა.
ამასთან, არჩევნებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, მოსკოვი სხვადასხვა გზით და ქსელით ერეოდა სომხეთის არჩევნებში გავლენის მოსახდენად.
