სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების დათვლა დაასრულა. დათვლილია ყველა – 2005 საარჩევნო უბნის შედეგი.

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პირველ ადგილზე გავიდა პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, რომელმაც მიიღო 727 160 ხმა (49.81%).
  • მეორე ადგილზეა პარტიათა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ — 340 062 ხმა (23.29%).
  • მესამე პოზიციას იკავებს პარტიათა ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც მიიღო 145 097 ხმა (9.94%).
  • მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ — 58 368 ხმა (4.00%).
  • მეხუთე ადგილზე გასულ პარტიას „ერთიანობის ფრთები“ მიღებული აქვს 33 618 ხმა (2.30%).

ოფიციალური ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების 58,97%-მა.

სომხეთის მოქალაქეებს არჩევანი ძირითადად უნდა გაეკეთებინათ მმართველ, ნიკოლ ფაშინიანის პარტიასა და პრორუსულ ძალებს შორის.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში დარეგისტრირებული იყო 18 პოლიტიკური სუბიექტი: 16 პარტია და 2 ალიანსი. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ და პრორუსი ოლიგარქისა და მოსკოვის მიერ ირიბად მხარდაჭერილი ნარეკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკი „ძლიერი სომხეთი“.

მმართველი პარტიისა და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსის გამო, ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებისა და სომხეთის ეკონომიკის ღრმა კრიზისის პროგნოზს აკეთებდა.

ცხადი პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამო, ფაშინიანს პირდაპირი და ირიბი მესიჯებით მოსკოვიც ემუქრებოდა და “უკრაინის გზას” ახსენებდა.

ამასთან, არჩევნებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, მოსკოვი სხვადასხვა გზით და ქსელით ერეოდა სომხეთის არჩევნებში გავლენის მოსახდენად.