დღეს, 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. სომხეთის მოქალაქეებმა არჩევანი ძირითადად, მმართველ, ნიკოლ ფაშინიანის პარტიასა და პრორუსულ ძალებს შორის უნდა გააკეთონ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში დარეგისტრირებულია სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი: 16 პარტია და 2 ალიანსი. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ და პრორუსი ოლიგარქისა და მოსკოვის მიერ ირიბად მხარდაჭერილი ნარეკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკი „ძლიერი სომხეთი“.

მმართველი პარტიისა და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსის გამო, ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებისა და სომხეთის ეკონომიკის ღრმა კრიზისის პროგნოზს აკეთებს.

ცხადი პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამო, ფაშინიანს პირდაპირი და ირიბი მესიჯებით მოსკოვიც ემუქრება და “უკრაინის გზას” ახსენებს.

ამასთან, არჩევნებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, მოსკოვი სხვადასხვა გზით და ქსელით ერეოდა სომხეთის არჩევნებში გავლენის მოსახდენად.

წინაასარჩევნო პერიოდში სომხეთში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შესაბამისად, ამომრჩეველთა შორის მმართველი პარტია ლიდერობს.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება 2 მილიონ 489 ათას 31 ადამიანს აქვს.

კენჭისყრისთვის სომხეთის მთელ ტერიტორიაზე 2005 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 71-მა მედიასაშუალებამ, ასევე რეგისტრირებულია 13 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

IRI-ის კვლევა: სომხეთში ყველაზე მაღალი ნდობით ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს