“მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს. დაანებოს ყველამ დაზვერვას და ჯაშუშობას თავი”, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია.

ფრანგული გამოცემა Intelligence Online, სადაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, წერს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა. აღნიშნული სტატია ქართულ ენაზე თავდაპირველად “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა გუშინ, 4 ივნისს.

პაპუაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთს დაზვერვის აგენტების ქვეყნიდან გაყვანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი ვინაობის გასაჯაროებით დაიმუქრა.

“მე არ ვიცი, ამ სტატიის შინაარსს რამდენად შეიძლება ვენდოთ”, – თქვა პაპუაშვილმა, შემდეგ კი დაამატა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში რომელი ქვეყნის დაზვერვა იმუშავებს. ის ირწმუნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ყველა რესურსი, გამოავლინოს ამგვარი პირები.

“თუკი ეს სიმართლეა – თავად ფრანგული მედია წერს ამ ყველაფერს – თქვენი აზრით, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტები რომ არიან ქვეყანაში, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ათბობს და აგენტები როცა გადიან ქვეყნიდან, ეს აციებს ურთიერთობებს? არ ვიცი, შეგიძლიათ სტატიის ავტორს ჰკითხოთ, ზუსტად რა იგულისხმა, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დღეს  საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობები, ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს. აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთ, არც ჩრდილოეთი, … ყველა სხვას, ჩვენ გარდა, ვინც არ არის ამ ქვეყნის ნაწილი, არავის დაზვერვას საქართველოში არაფერი ესაქმება. ამიტომ, მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს. დაანებოს ყველამ დაზვერვას და ჯაშუშობას თავი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე კონტექსტში, ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ შესწორებებზეც. ერთ-ერთი მათგანი ეხება საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას. შესწორება თავდაცვის მდივანსა და ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელს ავალდებულებს, რომ კონგრესს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც შეისწავლის საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აგენტურის შეღწევას, ასევე მათი გავლენებისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას. ამ ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა შეიმუშაოს და კონგრესს წარუდგინოს 5-წლიანი სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. სტრატეგიაში სწორედ რუსული და ჩინური გავლენების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ უმთავრეს მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში. ამ ინფორმაციას დაეფუძნება გადაწყვეტილება იმის შესახებაც,  რამდენად უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმა ინვესტირება საქართველოსთან პარტნიორობაში.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება არც აშშ-ის კონგრესის და არც სხვა რომელიმე ინსტიტუტის “შეხსენება” იმისთვის, რომ ქვეყანაში უცხო სახელმწიფოების სადაზვერვო ქსელებს და გავლენებს ებრძოლოს.

“სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის, ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციის გადაწყვეტილება თუ შეხსენება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ინტერესებში არის. თქვენ ხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორ აქტიურად არის ამ საკითხში ჩართული და როგორ ზუსტად, ყოველგვარი კითხვების გარეშე მოქმედებს.

მათ შორის, ბოლო პერიოდში თქვენ ნახეთ დაკავებები. გუშინდელი სტატიაც ნახეთ, რომელიც საფრანგეთში გამოქვეყნდა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს ზუსტად. ისე, რომ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ სცადეს შიგნით, რომ კითხვების ნიშნები გაეჩინათ, რამდენად სწორად იყო ესა თუ ის ბრალი წაყენებული. მაგრამ შემდეგ რაღაც ნაბიჯებმა გვაჩვენა, რომ ნებისმიერ ტესტს უძლებს ის მტკიცებულებები, რომლებლითაც მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გარდა იმისა, რომ ეს დაკავებები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აღიკვეთოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობები, ეს არის, მათ შორის, პრევენცია და გაფრთხილება ყველასთვის, მიუხედავად იმისა, სამყაროს რომელი მხრიდან გვიყურებენ: ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ყველასთვის გაფრთხილებაა, რომ დღეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოავლინოს სადაზვერვო საქმიანობები, აღკვეთოს – სადაც საჭიროა, საჯარო გახადოს ეს ყველაფერი, სადაც საჭირო არ არის, შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტებით მოახდინოს ამ სადაზვერვო საქმიანობების აღკვეთა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ის სტატიაში ნათქმავია, რომ დაზვერვის აგენტები საფრანგეთმა საქართველოდან 2026 წლის მაისში გაიწვია. ამის მიზეზი კი გახდა “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “ყოფილი თანამოაზრის” დაკავება. საუბარა გიორგი უძილაურზე, რომელიც ივანიშვილის ბანკის, “ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძვანელობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო პირადად ივანიშვილის წარმომადგენელი მედიასთან კომუნიკაციისას. უძილაური ერთი თვის წინ, 5 მაისს დააკავას. იმ დროს ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. პროკურატურა უძილაურს ედავება “ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას”.

ამავე თემაზე: