კომპანია თბილისის წყალი შესაძლოა საკრებულოში დაიბარონ

თბილისის საკრებულოში სხდომა  წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით დისკუსიითა და კამათით დაიწყო.

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ  მიუღებელია, როცა ისე ხდება წყლის გაძვირება, რომ მოსახლეობამ არ იცის გაძვირების მიზეზი.

იგი ამბობს, რომ  მოიპოვა ხელშეკრულების ასლი, რომელიც თბილისის წყალთან დაიდო. მასში ნათქვამია, რომ ტარიფის გაძვირების შესაძლებლობა კომპანიას  5 წლის შემდეგ აქვს.

ტარიფი უნდა გაძვირებულიყო 5 ლარამდე და 47 თეთრამდე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან ხუთი წელი ჯერ არ გასულა.

ხიდაშელის ცნობით, ვადამდე ტარიფის გაზრდა იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ გამოიცვლებოდა 920–ზე მეტ კილომეტრზე გაყვანილობა, რაც შეამცირებდა წყლის დანაკარგს და თბილისში უნდა უზრუნველეყო 24– საათიანი წყლის მომარაგება.

ხიდაშელი ამბობს, რომ მისი საკრებულოში ყოფნის დღიდან თბილისის წყალთან გაფორმებული ხელშეკრულების დოკუმენტს  ითხოვს, რომელშიც აღნიშნულ პირობებზეა საუბარი, თუმცა ვერ მოიპოვა.

ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრი: “საკრებულოში უნდა  შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, მოვიწვიოთ ეს კომპანია და მერიის წარმომადგენელი, რომ გავიგოთ, რა არის წყლის საფასურის გაზრდის რეალური მოტივი“.